ხსნადი თუ დაფქვილი?
ხსნადი ყავა დავლიოთ თუ დაფქვილი? თუ თქვენთვის მთავარია ფასი, დრო და სიმარტივე, ალბათ ხსნად ყავაზე შეაჩერებთ არჩევანს, ხოლო თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს ნატურალური, არომატული და ხარისხიანი, მაშინ გირჩევთ, მარცვალი აირჩიოთ. ცალკე სტატია მიეძღვნება ყავის კაფსულას, რომელიც დაფქვილ ყავას უბრუნებს დროისა და სიმარტივის უპირატესობას, მაგრამ თან ახლავს ისეთი დიდი უარყოფითი თვისება, როგორიცაა გარემოსადმი მიყენებული ზიანი, რაც შესაფუთი მასალების დამსახურებაა.
ყავას რომ არაერთი სარგებელი მოაქვს ვიცით, მაგრამ ყველა ყავა სასარგებლოა? აღმოჩნდა, რომ ანტიოქსიდანტების რაოდენობა ორივე ყავაში თითქმის თანაბარია. ხსნადი ყავის შემთხვევაში მცირე ჩამორჩენა გვაქვს ვიტამინებსა და მინერალებში. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ მხრივ კალიუმია, რომელსაც დაფქვილი ყავა თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ხსნადი.
კოფეინის შემცველობაშიც გარკვეული სხვაობა გვაქვს. 1 ჭიქა ხსნადი ყავისგან მომზადებულ სასმელში საშუალოდ 30-90 მგ კოფეინია, დაფქვილი ყავის შემთხვევაში კი 60-დან 180 მგ-მდე. ასეთი სურათი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ რობუსტას ყავის მარცვალი, რომელსაც ხსნადი ყავის მისაღებად იყენებენ, არომატულ არაბიკაზე თითქმის 60%-ით მეტ კოფეინს შეიცავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხსნადი ყავა ნატურალური ყავის ექსტრაქტისგან მიიღება და დამუშავების პროცესში ხშირად ხელოვნურ დანამატებს ურევენ, რის გამოც მავნე ნივთიერებების შემცველობის ალბათობა ასეთ ყავაში დაფქვილთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მეტია
ვაღიაროთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხსნად ყავაზე ვაჩერებთ ხოლმე არჩევანს სასმელის რაოდენობაა, ყავის სმის პროცესი ხომ სასიამოვნო რიტუალია, რომელიც ასე ძალიან გვინდა, რომ დიდხანს გაგრძელდეს. თუ სრულფასოვნად გსურთ ყავის არომატის შეცნობა, ნატურალური ყავის მომზადების არაერთი მეთოდი არსებობს, რომლებზეც სხვა სტატიებში ვისაუბრებთ და გირჩევთ გაეცნოთ მათ. ნატურალური ყავის მომზადებაც სასიამოვნო რიტუალია, რომელიც უფრო მეტ დროს მოითხოვს ვიდრე ხსნადი ყავის გაკეთება, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ქართული ანდაზა გვეუბნება – ვინც მოითმენს, ის მოიგებს!