გეიზერული ყავის მადუღარა – მოკა
ასე ეწოდება საპორტო ქალაქს იემენში, რომელიც XV-XVIII საუკუნეებში ყავით ვაჭრობის მთავარი ადგილი იყო. ეს macchinetta del caffè (ყავის აპარატი იტალიურად) 1933 წელს იტალიელი ინჟინრების ლუიჯი დე პონტის და ალფონსო ბიალეტის მიერ შეიქმნა. ეს ოჯახი თითქმის საუკუნის შემდეგაც ამ პროდუქტის ყველაზე ცნობილ მწარმოებლად გვევლინება. მათ ლოგოზე გამოსახული “l’omino coi baffi” (კაცი ულვაშით) ალფონსოს შვილი, რენატოა, რომელმაც მოკას ცნობადობის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის 2016 წლის 11 თებერვალს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ფერფლი სამგლოვიარო ცერემონიისას სწორედ მოკაში მოათავსეს.
მოკა არის იტალიური კულტურის ნაწილი, რომელიც, როგორც ამბობენ, 10-დან 9 იტალიურ ოჯახში მოიპოვება. XX საუკუნის საუკეთესო იტალიურ გამოგონებათა ათეულში შესვლა და მისი დიზაინის შედევრად აღიარება, ალბათ, საკმარისი არ აღმოჩნდება, რომ ის თქვენს სამზარეულოშიც მოხვდეს. მაშ, რით არის გამორჩეული მოკა და რატომ უნდა აირჩიოთ ის თუ მთელი ცხოვრება ხსნადი ან თურქული ყავის იქით არ გაგიხედავთ და ახლა კარგი ყავის გემოს ეძებთ? მოკლედ რომ ვთქვათ იმიტომ, რომ მოკა არის კომპაქტური და სხვა ალტერნატივებთან შედარებით ეკონომიური ყავის მადუღარა, ესპრესოს მსგავს ინტენსიურ, ძლიერ ყავას მარტივად და მცირე დროში მოგიმზადებთ.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მარტივია, მაინც მთავარია პრაქტიკა და რაც არ უნდა კარგად აგიხსნათ ყველაფერი, სასურველ შედეგს მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიიღებთ. მოკასთვის რეკომენდირებულია გამოვიყენოთ საშუალოზე მუქი და მუქი მოხალვის ყავის მარცვლები, რომლებიც არც ძალიან წვრილად უნდა იყოს დაფქვილი და არც კლასიკურად საშუალოდ.
თავად მადუღარა 3 ნაწილისგან შედგება: ქვედა ნაწილში ვასხავთ წინასწარ გაცხელებულ წყალს; ვაფარებთ მეორე, ფილტრიან ნაწილს, სადაც უკვე დაფქვილი ყავა უნდა ეყაროს და ბოლოს ვამაგრებთ ზედა ნაწილს (ფრთხილად იყავით, ხელი არ დაიწვათ თუ ქვედა ნაწილში ცხელი წყალი გისხიათ), რომელიც რა თქმა უნდა სუფთა უნდა იყოს ყოველი მომზადებისას. დადგით გამაცხელებელზე და დატკბით იმის ცქერით, თქვენი ყავის გეიზერი როგორ იფრქვევა.
რას ელოდებით? იხილეთ გეიზერული ყავის მადუღარების არჩევანი ჩვენთან და აირჩიეთ, რომელიც თქვენს სამზარეულოს ყველაზე მეტად მოუხდება. მოკათი მომზადებულ ყავას ძალიან უხდება რძე. ჩვენი რჩევაა, მოკათი ყავის მომზადებისას რძე ფრანგული პრესით ააქაფოთ და სრულყოფილი სახე მიცეთ თქვენს ყავას!